“ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია” მედიას მიმართავს

“ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია” მედიას მიმართავს “ბავშვებისა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიცია” მედიას მიმართავს. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

“კოალიცია აღიარებს მედიის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, რომ ბავშვთა და ახალგაზრდების საკითხებზე მიმართული გადაცემებსა და სიუჟეტებში დაცული იყოს ბავშვის უფლებები პირადი ცხოვრების, კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობის შესახებ.

ათ წელზე მეტია, რაც სახელმწიფო საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას, რომლის ფარგლებში დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციების მნიშვნელოვანი ნაწილი (დარჩენილია მხოლოდ 3 ინსტიტუცია და იგეგმება მათი დახურვაც). რეფორმის პირველ პრიორიტეტს წარმოადგენს ბიოლოგიური ოჯახების მხარდაჭერა, რათა არ მოხდეს ბავშვების დაშორება მშობლებთან და მათი მოთავსება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ, თუ ბავშვის სცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ბოლო დროს ეთერში გასულ გადაცემასა და სიუჟეტებში, პოზიტიურად იქნა გაშუქებული ორგანიზაცია “სოციალური პარტნიორობის” მიერ ქობულეთში 50 ბავშვისთვის განკუთვნილი ე.წ. “სკოლა-პანსიონის” გახსნა და მისი ფუნქციონირება, რაც რეალურად წარმოადგენს ბავშვების უფლებების სერიოზულ დარღვევას და ეწინააღმდეგება ქვეყნის პრიორიტეტებს.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ დაარღვია სახელმწიფო პროცედურები და ბავშვები, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით, გამოიყვანა საკუთარი ოჯახებიდან და მოათავსა არალიცენზირებულ დაწესებულებაში. გარდა სახელმწიფო პროცედურებისა, ორგანიზაციამ უხეშად დაარღვია ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-9 მუხლი (ბავშვს უფლება აქვს არ დაშორდეს თავის მშობლებს, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს) და მე-20 მუხლი (ბავშვი, რომელიც დროებით ან მუდმივად მოკლებულია თავის ოჯახურ გარემოცვას ან რომელსაც საკუთარი საუკეთესო ინტერესებისათვის არ შეუძლია ასეთ გარემოცვაში დარჩეს, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების უფლება აქვს. მონაწილე სახელმწიფოები თავიანთი ეროვნული კანონების შესაბამისად უზრუნველყოფენ ასეთი ბავშვის მოვლის შეცვლას).

მედიის მიერ მრავალჯერ იქნა მართებულად გაშუქებული ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განხორციელებული პროგრესული ინიციატივები. ამიტომ კოალიცია იმედს იტოვებს, რომ მომავალში აღარ მოხდება ბავშვების კეთილსაიმედო ოჯახებში ცხოვრების ან სხვა მნიშვნელოვანი უფლებების დარღვევის წახალისება და გადაცემების და სიუჟეტების მომზადების დროს ყოველთვის გადამოწმდება ინიციატივების შესაბამისობა ბავშვის უფლებებთან.

ჩვენი კოალიცია მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს მედიის წარმომადგენლებთან ბავშვთა საკითხების გაშუქების თაობაზე და საჭიროების შემთხვევაში, მოგაწოდოთ ინფორმაცია ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და რეგულაციების შესახებ”, – ნათქვამია მიმართვაში.