ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის პოზიცია „ბავშვის უფლებების კოდექსის“ ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით

საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვთა კოდექსის პროექტს, როგორც დოკუმენტს, რომელმაც ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმძღვანელო პრინციპები და ეფექტური, კომპლექსური მექანიზმი უნდა შექმნას. კოდექსის მნიშვნელობიდან გამომდინარე,  კოალიციის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიზნად ისახავს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისათვის თემატური რეკომენდაციების მიწოდების გზით, ხელი შეუწყოს ბავშვთა კოდექსის მოქმედ, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან შესაბამისობაში მყოფ დოკუმენტად ჩამოყალიბებაში.

2019 წლის 26 მარტს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განხილული ბავშვთა კოდექსის განახლებული პროექტი არათუ არ ასახავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ბავშვთა უფლებების დაცვის დარგში მომუშავე პრაქტიკოსების გამოცდილებას ემყარება, არამედ ამ ვერსიიდან ამოღებულია ის ჩანაწერებიც, რომლებიც ბავშვთა კოდექსის პროექტის წინა ვერსიებს გარკვეულ ღირებულებას ანიჭებდა.

  1. აღსანიშნავია კოდექსის 26-ე მუხლი, რომელშიც ბავშვის მშობლებისაგან განცალკევების პროცედურებია აღწერილი. კერძოდ, ახალი ჩანაწერის თანახმად, მშობლებისგან ბავშვის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სოციალური მუშაკი ან პოლიციის უფლებამოსილი პირი. კოდექსის პროექტის წინა ვერსიით აღნიშნული უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს ენიჭებოდა. სოციალური მუშაკის ან პოლიციის თანამშრომელისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება (გარდა გადაუდებელი შემთხვევისა, როდესაც ბავშვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე ემუქრება), საკამოდ პრობლემატური შეიძლება აღმოჩნდეს. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია ამ მუხლის რედაქტირება და ძველ ვერსიასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა.
  2. პრობლემურია ბავშვთა უფლებების კოდექსის 28-ე მუხლიც. კერძოდ, პროექტის ახალი ვერსიის თანახმად, ოჯახის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებისას, ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია ჩაერთოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერების და ოჯახური თანაცხოვრების კონსულტირების მიზნით. იქიდან გამომდინარე, რომ მშობლებს/ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელ სხვა პირებს შეუზღუდავად შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია მათთვის სასურველი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისაგან, სრულიად გაუგებარია ამგვარი ჩანაწერის არსებობა საკანონმდებლო დონეზე. გარდა ამისა, გაუგებარია რა დატვირთვა უნდა მინიჭოს ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების განმახორციელებელი პირებისა და ოჯახის მიერ ამგვარ კონსულტაციას, ასევე, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს მათ მიერ გაცემული რეკომენდაციის/კონსულტაციის შედეგად ბავშვის საუკეთესო ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.
  3. კოდექსის 29-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა მოხდეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სხვა შესაბამისი რელიგიური კონფესიის წარმომადგენლის ჩართვა და კონსულტირება. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების შესახებ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კოდექსის თანახმად, უნდა მიიღოს პროფესიული კადრებისგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური ჯგუფის შეფასებაზე და რეკომენდაციაზე დაყრდნობით და ბავშვის მონაწილეობით, ბავშვზე მორგებული  პროცედურების დაცვით, როდესაც ეს აუცილებელია და ზრუნვის ფორმა სრულად შეესაბამება ბავშვის უფლებათა დაცვის და ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს, სრულიად გაუგებარია რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების როლი პროცესში, ასევე პასუხისმგებლობა მათ მიერ გაცემული რეკომენდაციის  შედეგად ბავშვის უფლებების/საუკეთესო ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.

ამ მაგალითების გათვალისწინებით, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას აუცილებლად მიაჩნია კოდექსის პროექტზე მუშაობის გაგრძელება სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურად ფართო სპექტრის ჩართულობით და კოალიციის სამუშაო ჯგუფის მიერ ადრე გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.