წესდება

წესდება დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება

პრეამბულა

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის (შემდგომში-კოალიცია) არის არარეგისტრირებული გაერთიანების-ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობისთვის საქართველოს კოალიციის უფლებამონაცვლე, რომლის ჩამოყალიბების საკითხი შეთავაზებულ იქნა მხარეებისთვის ქართულ-რუმინული სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე 2012 წლის 23 თებერვალს და ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება კოალიციაში გაწევრიანების მსურველ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მიღწეულ იქნა 2012 წლის 24 თებერვალს ჩატარებულ შეხვედრაზე. კოალიციის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა 2012 წლის 26-27 მარტს და მას ხელი მოწერა 2012 წლის 1 ივნისს.

თავი 1

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1 კოალიცია წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის, ბავშვთა უფლებათა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.

1.2 კოალიცია დაფუძნდა განუსაზღვრელი ვადით და წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

1.3 კოალიციის სახელწოდება – კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.

1.4 კოალიცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს როგორც  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთ.

1.5 ორგანიზაციის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, მაჩაბლის ქ   4 ა; ელ ფოსტა: coalitionccy@gmail.com

1.6 კოალიცია თავისი წევრის (წევრების), აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.  კოალიციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. კოალიციის ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს კოალიცია საკუთარი წევრების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.

თავი 2

საქმიანობის საგანი

მუხლი 2. კოალიციის მიზნები

კოალიცია არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე  საზოგადოებრივი/არასამთავრობო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

 

მუხლი 3.  საქმიანობის ფორმები

3.1. საწესდებო მიზნების მისაღწევად კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბავშვთა და ახალგაზრდების უფლებების ადვოკატობა ეროვნულ  და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონულ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით, ბავშვებსა და ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი ჩართულობით.

საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

ა) ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის არსებული სისტემის ანალიზი და  საჭიროებების გამოკვეთა;

ბ) ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის სისტემაში საჭირო ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობა ადვოკატობის გზით;

გ) ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის ხელშეწყობა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით;

დ) ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის ახალი მექანიზმების შექმნა და არსებულის სრულყოფის ხელშეწყობა;

ე) საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა;

ვ) ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის მონიტორინგი;

ზ) სხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება კოალიციის მიზნებს.

თავი 3

კოალიციის წევრობა

მუხლი 4.  კოალიციის  წევრობა 

4.1 კოალიციის წევრი შეიძლება გახდეს:

ა) საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცია (შემდგომში – ორგანიზაცია), ასევე ფიზიკური პირი, რომლის ღირებულებები შეესაბამება კოალიციის მისიას, ხოლო საქმიანობა პასუხობს კოალიციის მიზნებს;

ბ) ორგანიზაცია/ფიზიკური პირი რომლის მისია, ხედვა და საქმიანობა არ არის დისკრიმინაციული  საზოგადოების არც ერთი ჯგუფის მიმართ.

4.2 კოალიციის  წევრობის მსურველმა ორგანიზაციამ, ამის თაობაზე უნდა მიმართოს საერთო კრებას.

4.3 კოალიციის წევრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრება ფარული კენჭისყრით.

4.4 ორგანიზაცია კოალიციაში წარმოდგენილი არის კონკრეტული ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ.

 მუხლი 5.  კოალიციის წევრთა სტატუსი და უფლება-მოვალეობანი

5.1 კოალიციას შეიძლება ჰყავდეს სრული, ასოცირებული და საპატიო წევრები.

5.2 კოალიციის სრულ წევრს უფლება აქვს:

ა) მონაწილეობდეს კოალიციის საერთო კრების მუშაობაში;

ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კოალიციის მმართველობით ორგანოებში;

გ)კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის პროგრამულ საქმიანობაში;

დ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კოალიციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან კოალიციის საქმიანობის შესახებ;

ე) კოალიციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს კოალიციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

ვ) არჩეულ იქნას საკოორდინაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) წევრად.

5.3 კოალიციის ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

ა) კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის პროგრამულ საქმიანობაში, მათ შორის თემატურ ჯგუფებში;

ბ) მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კოალიციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან კოალიციის საქმიანობის შესახებ;

გ) კოალიციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს კოალიციის უსაკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;

დ) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით ხმის მიცემის ფლების გარეშე.

5.4 კოალიციის საპატიო წევრი შეიძლება გახდეს  ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს კოალიციის საქმიანობას.

5.5 კოალიციის საპატიო წევრი განთავისუფლებულია ვალდებულებისგან შეიტანოს საწევრო შენატანი კოალიციაში.

5.6 კოალიციის საპატიო წევრს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა საერთო კრების მუშაობაში დამკვირვებლის სტატუსით ხმის მიცემის უფლების გარეშე.

5.7 კოალიციის სრული წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას კოალიციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ) დაიცვას კოალიციის წესდება;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში;

დ) გადაიხადოს საწევრო შესატანი საბჭოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობით.

ე) ორგანიზაციის რეორგანიზაციის/ლიკვიდაციისას შეატყობინოს საბჭოს და საერთო კრებას;

ვ) მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების მუშაობაში;

ზ) წინასწარ შეატყობინოს საბჭოს და მასთან შეათანხმოს იმ საქმიანობის/ების შესახებ, რომლებიც უკავშირდება წევრის მიერ კოალიციის გაძლიერებას ან სხვა სახით მხარდაჭერას;

თ) მონაწილოება მიიღოს თემატური ჯგუფების მუშაობაში.

5.8 კოალიციის ასოცირებული წევრი ვალდებულია:

ა) დაიცვას კოალიციის წესდება და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ)  დაიცვას კოალიციის წესდება;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში;

დ) რეორგანიზაციის/ლიკვიდაციისას შეატყობინოს საბჭოს და საერთო კრებას;

ე) მონაწილეობა მიიღოს თემატური ჯგუფების მუშაობაში;

ვ) წინასწარ შეატყობინოს საბჭოს  და მასთან შეათანხმოს იმ საქმიანობის/ების შესახებ, რომლებიც უკავშირდება წევრის მიერ კოალიციის გაძლიერებას ან სხვა სახით მხარდაჭერას.

5.9 კოალიციის საპატიო წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას ორგანიზაციის შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;

ბ)  დაიცვას კოალიციის წესდება;

გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კოალიციის საქმიანობაში.

მუხლი 6. კოალიციის წევრობის შეწყვეტა

6.1 კოალიციის სრულ წევრს უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) კოალიციის წესდების დარღვევის შემთხვევაში;

გ) ორგანიზაციის ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციისას;

დ) თუ რეორგანიზაციის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არ შეატყობინებს საბჭოს ამ ფაქტის შესახებ.

6.2 კოალიციის სრულ წევრს, ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში, საერთო კრებაზე, არასაპატიო მიზეზით მონაწილეობაზე უარის თქმის, ასევე, ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში თემატურ ჯგუფებში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან/და საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში, საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლოა სრული წევრის სტატუსი შეეცვალოს ასოცირებული წევრის სტატუსით.

6.3 კოალიციის ასოცირებულ წევრს და საპატიო წევრს, თუ იგი იურიდიული პირია, უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ) ზედიზედ ორი წლის განმავლობაში თემატურ ჯგუფებში არასაპატიო მიზეზით მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში;

გ) კოალიციის წესდების დარღვევის შემთხვევაში;

დ) ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციისას;

ე)  თუ რეორგანიზაციის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში არ შეატყობინებს საბჭოს ამ ფაქტს.

6.4 კოალიციის საპატიო წევრს, თუ იგი ფიზიკური პირია, უფლებამოსილება უწყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

გ)სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;

დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;

ე) გარდაცვალებისას;

ვ)კოალიციის ღირსების შელახვის შემთხვევაში.

6.5 საერთო კრების გადაწყვეტილებით ფარული კენჭისყრით ორგანიზაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს კოალიციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კოალიციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

6.6 კოალიციის წესდების დარღვევის შემთხვევაში კოალიციის წევრობის შეწყვეტის საკითხი გადაწყდება საერთო კრებაზე დროებითი სადისციპლინო კომისიის დასკვნის საფუძველზე.

6.7 დროებითი სადისციპლინო კომისიის საქმიანობას, შემადგენლობას და ეთიკის სტანდარტებს საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საერთო კრება.

თავი 4

კოალიციის  მართვა

მუხლი 7.  საერთო კრება

7.1 კოალიციის  უმაღლესი მმართველობითი ორგანოა  საერთო კრება.

7.2 თითოეული წევრი საერთო კრებაზე წარმოდგენილია მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.

7.3 საერთო კრება იმართება წელიწადში ორჯერ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს ან საერთო კრების წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს.

7.4 კრება უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება კოალიციის სრულ წევრთა ერთი მესამედი მაინც;

7.5 გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.

  1. 7. 6 საერთო კრება:

ა) ირჩევს საბჭოს შვიდი წევრის შემადგენლობით, რომელიც წარმოადგენს კოალიციის აღმასრულებელ ორგანოს;

ბ) საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კოალიციის საერთო სტრატეგიას და სექტორულ სტრატეგიებს (მათ შორის ლობირებისა და ადვოკატობის სტრატეგიას, ფონდების მოძიებისა და მოზიდვის სტრატეგიას, საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიას, და ა.შ.);

გ) საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დროებითი სადისციპლინო კომისიის საქმიანობის, შემადგენლობას და ეთიკის სტანდარტებს;

დ) საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს თემატური ჯგუფების მუშაობის წესებს;

ე) წყვეტს  საკითხს ორგანიზაციის/ პირის კოალიციის წევრობის შესახებ;

ვ) განსაზღვრავს საწევრო შენატანის ოდენობას;

ზ) იღებს სხვა ტიპის გადაწყვეტილებებს, რომელიც არ შედის საბჭოს კომპეტენციაში.

მუხლი 8. საბჭო

8.1  კოალიციის აღმასრულებელი ორგანო არის საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო), რომელიც აირჩევა საერთო კრების მიერ  ფარული კენჭისყრით

8.2 საბჭო ახორციელებს აღმასრულებელ ფუნქციას და პასუხისმგებელია საერთო კრების მიერ დამტკიცებული სტრატეგიის, პოლიტიკისა და რეგულაციების სათანადოდ დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

8.3 საბჭო შედგება 7 წევრისგან, რომელთა ნომინირება და შერჩევა მოხდება საერთო კრების მიერ ხმათა უმრავლესობით.

8.4  საბჭოს წევრის მიერ საბჭოს დროზე ადრე დატოვებისას ახალი წევრის არჩევა მოხდება აღნიშნული საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით საერთო კრების მორიგ სხდომაზე.  იმ შემთხვევაში, თუკი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ორზე მეტ ორგანიზაციას, საბჭო ვალდებულია მოიწვიოს საერთო კრების რიგგარეშე სხდომა, რომელმაც უნდა იმსჯელოს საბჭოს ახალი წევრების არჩევის საკითხზე;

8.5 საბჭოს წევრები აირჩევიან ორი წლის ვადით. ორგანიზაცია საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ზედიზედ მხოლოდ ორი  ვადით;

8.6 საბჭოს ქვორუმი შეადგენს ხუთ წევრს. ქვორუმის არარსებობისას ინიშნება საბჭოს ხელახალი შეხვედრა.

8.7  საბჭოში გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. საბჭოს გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საბჭოს ახალ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით.

8.8 საბჭოს თითოეულ წევრს შესაძლოა ჰქონდეს შესაბამისი როლი კოალიციის სტრატეგიული სექტორის მიმართულებით (მაგ. შესაბამისი სამუშაო ჯგუფის კოორდინირება). საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან შესაბამისი მიმართულების განვითარებასა და მიმართულებებს შორის თანამშრომლობაზე.

8.9 საბჭო უფლებამოსილია სტრატეგიული სექტორის კოორდინირების უფლებამოსილება დააკისროს კოალიციის იმ წევრ ორგანიზაციას, რომელიც არ არის საბჭოს წევრი.8.10 საბჭოს წევრები არ მოქმედებენ პირადი სახელით, არამედ მათ მიერ წარდგენილი ორგანიზაციის სახელით.

8.11. საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კოალიციის საერთო სტრატეგიას და სექტორულ სტრატეგიებს (მათ შორის ლობირებისა და ადვოკატობის სტრატეგიას, ფონდების მოძიებისა და მოზიდვის სტრატეგიას, საზოგადოების ჩართულობის სტრატეგიას, და ა.შ.);

8.12 საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კოალიციის ადმინისტრაციულ და ტექნიკურ სტრუქტურას, შეიმუშავებს სექტორული მიმართულებების  სამუშაო აღწერილობას.

8.13 საბჭო შეიმუშავებს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს დროებითი სადისციპლინო კომისიის საქმიანობის შემადგენლობას და ეთიკის სტანდარტებს;

8.14 საბჭოს უფლება აქვს შეიმუშაოს და საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინოს კოალიციის წევრობის დამატებითი კრიტერიუმები.

8.15 საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე წელიწადში 2-ჯერ.

8.16 საბჭოს სხდომები, როგორც წესი, იმართება ყოველ მეორე თვის ბოლო კვირაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კოალიციის თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.

8.17 კოალიციის წევრებს საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ სხდომამდე 7 დღით ადრე მაინც, ხოლო რიგგარეშე სხდომის მოწვევის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.

8.18 საბჭოს წევრმა შეიძლება სხდომაში მონაწილეობა მიიღოს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების (ინტერნეტი, ტელეფონი, ვიდეო კონფერენცია და სხვ.).

8.19 საბჭოს წევრს ასევე უფლება აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამოხატოს პოზიცია განსახილველი საკითხის შესახებ და ამ სახით მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება.

8.20  საჭიროების შემთხვევაში, საბჭო სხდომებზე იწვევს და ისმენს კოალიციის ნებისმიერი წევრის,  თემატური ჯგუფების,  კოალიციის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების, კოალიციის ფილიალებისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და წარმომადგენლობების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ანგარიშებს. მათ სხდომის ჩატარების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ეცნობებათ საბჭოს წევრებისთვის ცნობების მიწოდების დადგენილი წესით.

8.21 საბჭოს უფლება აქვს, განსაზღვრული ვადით დანიშნოს პირი/პირები (აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ა.შ.), რომლებსაც დააკისრებს აღმასრულებელ ფუნქციებს კოალიციის მართვის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 9.  კოალიციის თავმჯდომარე

9.1 კოალიციის თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე) და თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა საბჭოს მიერ, ფარული კენჭისყრით, ორი წლის ვადით. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

9.2 კოალიციის თავმჯდომარე/თავმჯდომარის მოადგილე არის კოალიციის სრული წევრი ერთ-ერთი ორგანიზაცია.

9.3 ორგანიზაცია, წარმოდგენილია არის მის მიერ წინასწარ განსაზღვრული ფიზიკური პირის მიერ.

9.4 თავმჯდომარეს არჩევა ხდება საბჭოს მორიგი საერთო კრების შემდეგ.

9.5  საბჭოს თავმჯდომარეს ენიჭება კოალიციის წარმომადგენლობითი ფუნქცია.

9.6 თავმჯდომარე:

ა) წარმართავს კოალიციის საქმიანობას ამ დებულების მიზნების მისაღწევად;

ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და უძღვება მის სხდომებს;

გ) წარმოადგენს კოალიციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

დ) ხელს აწერს ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) ასრულებს ამ წესდებით მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

9.7 საბჭოს წარდგინებით და საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, თავმჯდომარეს შესაძლოა დაეკისროს სხვა სახის უფლებამოსილების განხორციელება.

9.8 თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.

9.9 საერთო კრების შემდეგ თუ თავმჯდომარე, ახალი თავმჯდომარის  არჩევამდე ვერ ასრულებს თავის  უფლებამოსილებას, ასეთ შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულება საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაევალოს სხვა ორგანიზაციას.

9.10  თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე;

ბ)სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;

დ) გარდაცვალებისას;

ე)კოალიციის წესდების დარღვევის შემთხვევაში.

9.11  9.10 მუხლში მოცემულ შემთხვევებში საბჭო ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადით.

თავი 5

თემატური (სამუშაო) ჯგუფები

მუხლი 10.  სამუშაო ჯგუფები

10.1 საბჭო კოალიციის სტრატეგიის შესაბამისად ქმნის სამუშაო ჯგუფებს.

10.2 საბჭოს გადაწყვეტილებით სტრატეგიული სექტორის მიმართულების კოორდინირება შეიძლება დაევალოს კოალიციის ნებისმიერ წევრს, საპატიო წევრის გარდა.

10.3 საბჭოს გადაწყვეტილებით, კოალიციის სტრატეგიული სექტორის კოორდინატორ ორგანიზაციას, შესაძლოა დაევალოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

10.4 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ორგანიზაციები,  ანგარიშვალდებულნი არიან საბჭოს წინაშე. სამუშაო ჯგუფი წელიწადში მინიმუმ ერთხელ საბჭოს წარუდგენს ანგარიშს.

10.5. კოალიციის წევრ ნებისმიერ ორგანიზაციას უფლება აქვს იყოს ერთი ან რამდენიმე თემატური ჯგუფის წევრი.

 

მუხლი 11. თემატური ჯგუფების უფლება-მოვალეობები

11.1 თემატური ჯგუფი წარმოადგენს კოალიციის წევრ ორგანიზაციების გაერთიანებას პროფესიული ექსპერტიზისა და ინტერესების შესაბამისად.

11.2  თემატური ჯგუფების ძირითადი აქტივობებია:

ა) გამოცდილების გაზიარება, წამოჭრილი პრობლემების და მოგვარების  შესაძლო გზების მოძიება;

ბ) პოზიცი(ებ)ისა და შეთავაზებების მომზადება ჯგუფისთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ სფეროში არსებულ სახელმწიფო პოლიტიკაზე და მასზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად;

გ) ერთობლივი აქტივობები სხავადასხვა, როგორც კოალიციის წევრ ასევე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად.

11.3 თითოეულ თემატურ ჯგუფს ჰყავს კოორდინატორი (სრული ან ასოცირებული წევრი ორგანიზაცია). კოორდინატორს ირჩევს საბჭო, მსურველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, კონკრეტულ სფეროში მათი კვალიფიკაციის, გამოცდილების და ექსპერტიზის შეფასების საფუძველზე.

11.4  თემატური ჯგუფის კოორდინატორი:

ა) ამზადებს ჯგუფის შედეგების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს და წარუდგენს საბჭოს;

ბ)  ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე აგროვებს შესაბამის ინფორმაციასა და სტატისტიკურ მონაცემებს;

გ) უწევს ორგანიზებას ჯგუფის შეხვედრებს;

დ) იღებს მონაწილეობას საერთო კრების მომზადებაში შესაბამისი თემების დამუშავებით და საჭირო  ექსპერტიზის/ექსპერტების უზრუნველყოფით.

11.5 თემატურ ჯგუფში/ებში მონაწილეობა გაწევრიანებული წევრებისთვის აუცილებელია.

11.6 თემატური ჯგუფის წევრი შეიძლება გახდეს კოალიციის წევრი ნებისმიერი ორგანიზაცია სურვილის წერილობით დადასტურების და მისი მუდმივი და ალტერნატიული წარმომადგენლის მითითებით.

11.7 თემატურ ჯგუფში წარმატებით გაწევრიანების შემთხვევაში, ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს მისი წარმომადგენლ(ებ)ის აქტიური მონაწილეობა ჯგუფის შეხვედრებში, მათ ჩართულობას ჯგუფის მიერ ინიცირებულ და ორგანიზებულ ადვოკატობის აქტივობებსა და პოზიციის და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესში.

თავი 6

ინტერესთა კონფლიქტი / კოალიციის ქონება

 მუხლი 12. ინტერესთა კონფლიქტი

12.1. იმ შემთხვევაში თუ საბჭოს წევრი ორგანიზაცია თავისი ორგანიზაციის სახელით ასევე იღებს მონაწილეობას საგრანტო კონკურსში, ასეთი ორგანიზაციის წარმომადგენელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კოალიციის სახელით კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე კენჭისყრაში და გადაწყვეტილების მიღებაში. აგრეთვე, საგრანტო განაცხადის შემუშავებაში.

12.2 საბჭოს მიერ კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება თავმჯდომარეს, ან იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე არის განმცხადებელი ორგანიზაციის წევრი, მისი მოვალეობის შემსრულებელს.

მუხლი 13. კოალიციის ქონება

13.1. კოალიციის ქონება იქმნება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობების, გრანტების, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობითა და სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.
13.2. კოალიციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.

 მუხლი 14. სახსრების მოზიდვა

14.1 კოალიციის სახელით გრანტის მიმღები შეიძლება იყოს კოალიცია, დარეგისტრირების შემდეგ.

14.2 საბჭო განსაზღვრავს:

ა) სახსრების მოზიდვის საჭიროებას კონკრეტული საგრანტო კონკურსის საფუძველზე;

ბ) კოალიციის წევრს ან წევრთა ჯგუფს, რომელიც შეიმუშავებს განაცხადს მიზნების, ამოცანების და გამოცდილების გათვალისწინებით;

გ) საგრანტო განაცხადის ძირითად კონცეფციას;

დ) კოალიციის სახელით გრანტის განაცხადის წარდგენის ერთზე მეტი მსურველის შემთხვევაში წარმდგენი ორგანიზაციების ჯგუფის შემადგენლობას.

14.3 საბჭო ვალდებულია  წინასწარ შეატყობინოს კოალიციის სრულ წევრებს, საგრანტო ან სხვა ტიპის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

თავი 7

კოალიციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

მუხლი 15.  საქმიანობის შეწყვეტა

15.1 კოალიციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) დამფუძნებლების გადაწყვეტილებით;

ბ) მიზნების მიღწევის შემთხვევაში;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში;

15.2 ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს დამფუძნებლების გადაწყვეტილების საფუძველზე.

მუხლი 16. დასკვნითი დებულებები

16.1.    წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.

16.2.    თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

16.3     ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა.

მუხლი 17. გარდამავალი დებულებები

17.1 კოალიციის რეგისტრაციის, მმართველობითი და აღმასრულებელი ორგანოების ფორმირების შემდეგ, კოალიციის უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან, 1 წლის განმავლობაში შეიმუშაონ და დაამტკიცონ თემატური ჯგუფების სამუშაო აღწერილობები; დროებითი სადისციპლინო კომისიის საქმიანობის წესი; კოალიციის წევრთა ქცევის ეთიკის სტანდარტები; კოალიციის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

17.2 არარეგისტრირებული კავშირის ბავშვთა და ახალგაზრდებისათვის საქართველოს კოალიციის წევრებს, რომლებიც არ არის კოალიციის დამფუძნებლები, უპირატესი უფლება აქვთ გახდნენ კოალიციის საერთო კრების წევრები რეგისტრაციის გზით.