კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების მონაწილეობით საქართველოს პარლამენტში პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტთან გაფართოებული შეხვედრა რომელიც UNDP-ს პროექტის ფარგლებში გაიმართა მიზნად ისახავდა შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას.

გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გაფართოებულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებს სოციალური და ჯანდაცვის მომსახურებების შესახებ:

1 საკითხი: მუნიციპალიტეტების როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარებაში-მომხსენებელი ამირან გამყრელიძე-დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი: მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მოწყობაზე როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. აღინიშნა, რომ ტერიტორიულ ერთეულებში საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე პასუხისმგებლები არიან ააიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები (61 ტერიტორიული ერთეული), რომელიც 1100 დასაქმებულს მოიცავს. პრობლემურ მხარეებს შორის აღინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ნაკლები მხარდაჭერა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებებისადმი და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების არაპრიორირეტულობა, ისევე როგორც ადამიანური რესურსების კომპეტენციის პრობლემა, უწყვეტი განათლების პრობლემა, ნორმებისა და გაიდლაინების სერიოზული დეფიციტი. სადისკუსიო საკითხებად კომიტეტისა და მომხსენებლის მიერ ჩამოყალიბდა შემდეგი: 1. საზჯანდაცვის ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობა; 2. ინფრასტრუქტურის განვითარება-რეაბილიტაციის საკითხები; 3. დაფინანსების სქემა-მუშაკთა შრომითი ანაზღაურება, 4. საკადრო პოტენციალის შერჩევა, გაძლიერება და პროფესიული განათლების საკითხები. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, უნდა იყოს თუ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვა დეცენტრალიზებული.

დამსწრე ორგანიზაციების მიერ გაკეთდა კომენტარები ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების არარსებობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ვერ მოხერხდა ე.წ სოციალურ მოდელზე გადასვლა, რადგან სამედიცინო მოდელი კვლავ დომინირებს და ზოგადად როგორც პრევენციული, ასევე სარეაბილიტაციო კუთხით ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სიმწირე/არარსებობა დიდი საფრთხის შემცველია. ამასთან დაკავშირებით კომიტეტს ხედვა არ წარმოუდგენია. აღნიშნული საკითხის წინ წამოწევა მოხდა გიორგი გელეიშვილისა და კოალიციის წევრი ორგანიზაციის, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის მიერ.

2.სოციალური მომსახურებები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე- მომხსენებელი ნათია ფარცხალაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი-მომხსენებლის მიერ აღინიშნა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სოციალური სისტემის ჩამოყალიბებული მოდელი, რადგან თანამედროვე სისტემა გარკვეულწილად ატარებს შერეულ ელემენტებს, ანგლო-საქსონური მოდელის გარკვეული მახასიათებლებით. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნის არაჯანსაღ ისტორიულ დამოკიდებულებაზე ინსტიტუციური დაწესებულებების მიმართ და თემზე დაფუძნებული მომსახურებების არარსებობაზე ამ კონტექსტში. როგორც ნათია ფარცხალაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავარი მიღწევა გახლდათ სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და პროგრესი ახალ მომსახურებათა გაჩენაში, გაზრდილი სოციალური ბიუჯეტი თითქმის არ შეეხო მომსახურებების დაფინანსების ზრდას. ყურადღება გამახვილდა ასევე სოციალურ მომსახურებათა პრევენციულ შინაარსზე და იმ ფაქტზე, რომ პრევენციული და მხარდამჭერი სერვისების ხარჯი 5 ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სარეაბილიტაციო და ინსტიტუციური ღონისძიებები პრობლემის ესკალაციის შემთხვევაში.

სადისკუსიოდ გამოტანილ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ვინ არის ვალდებული სოციალური მომსახურებების მიწოდებაზე-ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება

2. უნდა არსებობდეს თუ არა თვითმმართველობის დონეებზე საბაზისო სოციალურ მომსახურებათა პაკეტი.

აღნიშნულ დისკუსიაში კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ წამოიჭრა შემდეგი საკითხები: ანა აბაშიძე- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის: ქვეყანამ ვერ მოახერხა სოციალური პოლიტიკისა და მწყობრი სოციალური სისტემის ჩამოყალიბება; ინსტიტუციონალიზაცია ჩრდილოვან დაწესებულებებში; ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სიმწირე; ნინო შატბერაშვილი- საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია- კომიტეტს მიმართა შეკითხვით, როგორია ხედვა ზოგადად სოციალურ პოლიტიკასა და სერვისებთან დაკავშირებით, რამდენად ხედავს ხელისუფლება არაფულადი სერვისების აუცილებლობის საკითხს; მაია მგელიაშვილი-ვორლდ ვიჟენ საქართველო- მიზანშეწონილად თვლის თუ არა კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას რისკ ჯგუფების იდენტიფიცირებისა და პრევენციის მიზნით. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ქეთი მელიქაძემ ისაუბრა კომპეტენციის გამიჯვნაზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ქ. თბილისის მერიის სოციალური დეპარტამენტის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა ისაუბრა ცენტრალიზებული ბაზის საჭიროებაზე, სადაც აღირიცხებიან საარსებო შემწეობის მიმღებები და თვითმმართველობების მიზნობრივი პროგრამების ბენეფიციარები, რათა არ მოხდეს დუბლირება. ზურაბ ჭიაბერაშვილმა ყურადღება გაამახვილა 18 წლის ზევით ზრუნვის სისტემიდან გამსვლელი ახალგაზრდების მხარდაჭერის არარსებობაზე და ასევე იმ საკითხზე, რომ მომსახურებები კომუნალურ გადასახადებს, როგორც კომერციული ორგანიზაციები, იგივე ტარიფით იხდიან.

კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ისაუბრა იმ პრობლემაზე, რომ ჯანდაცვის პოლიტიკისგან განსხვავებით, სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში მართლაც რომ ვერ ჩამოყალიბდა მწყობრი სისტემის სახით. მან გამოთქვა აზრი, რომ აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა დონის სოციალური რისკების პრევენციას იღებს თავის თავზე სახელმწიფო და რა ტიპის სოციალური მოდელის დამკვიდრებას ცდილობს. კომიტეტს სურს დაინტერესებული მხარეების ჩართვა გრძელვადიანო ხედვის განსაზღვრაში 3 ძირითადი მიმართულებით:  1. სოციალური რისკების მართვა; 2. პრევენცია და 3. ზიანის შემსუბუქება.

 

17793248_10155157428361112_1522750119_n       17793385_10155157428516112_1845477832_n