კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საქართველოს მთავრობას სოციალურ მუშაკთა მხარდაჭერისა და გაძლიერებისაკენ მოუწოდებს

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის  შეშფოთებულია 5 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც ბავშვთა უფლებების დაცვისაკენ მიმართული გადაწყვეტილების აღსრულებისას სოციალური მუშაკები ოჯახის მხრიდან თავდასხმის, ხოლო საპატრულო სამსახურის მხრიდან დაცინვისა და ქილიკის მსხვერპლნი გახდნენ, რაც უკვე იქცა სამართალდამცავთა მუშაობისთვის დამახასიათებელ ნიშნად.

კოალიციაში გაწევრიანებულ ყველა ორგანიზაცია სოციალური მუშაკს ბავშვების, ახალგაზრდებისა და მათი მშობლების მხარდამჭერ ერთ-ერთ მთავარ რგოლად მიიჩნევს. სოციალური მუშაობის ხარისხზე დიდ წილადაა დამოკიდებული მათი კეთილდღეობა. მომხდარიც და ბოლო წლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დაკნინების ტენდენციებიც ცხადყოფს, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაობის სამსახურს ამ მიზნის განხორციელებაში არა თუ ხელს არ უწყობს, არამედ ხელს უშლის.

სახელმწიფოს ვალდებულებაა ბავშვებისა და მშობლების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ბავშვის განვითარების, მათი ოჯახების გაძლიერების, მათი მიტოვების პრევენციისათვის საჭირო მომსახურებების შეთავაზება, მათ შორის სოციალური მუშაკის რესურსის ამ მიზნის მიღწევისაკენ მიმართვა, რომ სოციალური მუშაკები ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ემსახურებოდნენ, და არ იყვნენ დაკავებული უამრავი პროფესიისათვის შეუფერებელი ფუნქციით, რაც მათ დამქირავებელმა  მათთან კონსულტაციის გარეშე დააკისრა. კონსულტაციები არ გამართულა არც ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მაგალითად, იმის თაობაზე რამდენად უნდა იყოს სოციალური მუშაკი ოჯახიდან ბავშვის გამოყვანის აღსრულებაზე პასუხისმგებელი, ან უნდა იყოს თუ არა მხოლოდ სოციალური მუშაკი ამაზე პასუხისმგებელი, ხომ არ უნდა იყოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მულტიდისციპლინური გუნდის პასუხისმგებლობა; თუ მხოლოდ სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობაა, რა სახელმძღვანელო პრინციპები უნდა არსებობს აღსრულებისას, როგორ უნდა ხდებოდეს სოციალურ მუშაკთა მიერ აღსრულების განხორციელებაზე ვალდებულებების გადანაწილება მაგალითად, სამუშაო საათების შემდეგ, უქმე დღეებში და ა.შ. რა ღონისძიებები უნდა გატარდეს აღსრულებამდე (რა სამუშაო უნდა ჩატარდეს ოჯახთან და ბავშვთან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე და ა.შ.). მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ვალდებულება სოციალურ მუშაკებს დააკისრეს ეს კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.

სოციალურ მუშაკებს არ აქვთ მათზე დაკისრებული მოვალეობების აღსრულებისათვის საჭირო არც სამუშაო ინსტრუმენტები (რესოციალიზაციის პროგრამები, მეთოდები, მოდელები), და არც სამუშაო პირობები. გლდანი-ნაძალადევის სააგენტოში არსებული სამუშაო გარემო  კი, კრიტიკას ვერ უძლებს. იქ არსებული სამუშაო პირობები  ღირსების შემლახავია არა მხოლოდ სოციალური მუშაკებისათვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც ვისაც ისინი ემსახურებიან. მომსახურების ამ პირობებში მიწოდება  კი, სოციალური მუშაკთა შრომის უფლებებისა და ბენეფიციართა მომსახურების მიღების უფლებების დარღვევაა.

სამწუხაროდ, გლდანის ინციდენტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სოციალური მუშაკებს ბენეფიციართა თავდასხმების მოგერიება უწევთ მათზე დაკისრებული მოვალეობების აღსრულებისას, როდესაც ისინი ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, კანონის შესაბამისად, მისი ოჯახისაგან დაცალკევების პროცედურას ახორციელებენ. ეს სოციალურ მუშაკთათვის მძიმე გადაწყვეტილებაა, რომელსაც ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე აღასრულებენ. ბოლო შემთხვევა ცხადყოფს, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი, სამუშაო ინსტრუმენტებისგან განძარცვული, სოციალური მუშაკები  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საპატრულო პოლიციისაგან მხარდაჭერის ნაცვლად გულგრილობისა და სკეპტიკური დამოკიდებულების მსხვერპლნი ხდებიან. დღემდე არც ერთ უწყებას არ გაუკეთებია საჯარო განცხადება მომხდართან დაკავშირებით და არ გამოუხატავს საჯაროდ მხარდაჭერა დაზარალებული სოციალურ მუშაკების, ოჯახებისა და ბავშვებისათვის.

კოალიცია მოითხოვს სამინისტრომ წარმოადგინოს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს სოციალური მუშაობის კომპონენტის განვითარების და გაძლიერების ხედვა, რომელიც სოციალურ მუშაკებს საშუალებას მისცემს მოემსახურონ ბავშვებს, მათ ოჯახებს და ყველა იმ ადამიანს ვინც მათ დახმარებას საჭიროებს სოციალური მუშაობის მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. აღნიშნული მათი ძირითად პროფესიული მოვალეობას წარმოადგენს და ხაზგასმით არის აღნიშნული, როგორც ბავშვის უფლებათა კონვენციაში, ასევე ევროპის სოციალურ ქარტიაში[1]. ამ მიზნის მიღწევას უნდა მოჰყვეს სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა და სამუშაოს შესრულებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. სამინისტრომ აღნიშნული  საკითხების განხილვა უნდა დაიწყოს დაუყონებლივ, ფართო საზოგადოებისა და დაინტერსებული მხარეების ჩართულობით

ძლიერი სოციალური მუშაკი, მშობლების და ბავშვების გაძლიერების და მათთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნის გარანტიაა!

 

  1. საქართველოს ბავშვები
  2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
  4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
  5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  6. World Vision საქართველო
  7. პარტნიორობა ბავშვებისათვის
  8. პირველი ნაბიჯი საქართველო
  9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  10. ასოციაცია ანიკა
  11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  12. თანადგომა
  13. საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
  14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
  15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
  16. საქართველოს კარიტასი
  17. “სტუდია ეიდისი“
  18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
  19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
  21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
  22. ჩვენი სახლი საქართველო
  23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  24. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  25. საზოგადოება „ბილიკი“
  26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
  27. კავშირი “იმედიპლიუსი“
  28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
  29. სმენისა და   მეტყველების დარღვევის    მქონე     ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
  30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
  31. კავშირი “ორიონი”
  32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
  33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
  34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
  36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
  37. “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”
  38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
  40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
  41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი

 

[1] ევროპის სოციალური ქარტია, 14/1 მუხლი