კოალიცია ეხმიანება ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას

,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ შეშფოთებას გამოთქვამს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა ორსული ქალი, თავის 4 შვილთან ერთად, ასევე, ერთი ხანდაზმული.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ ქვეყანაში მოქმედი ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური დაცვის სისტემები ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს. შეიძლება ითქვას, რომ სისტემა საერთოდ ვერ ხედავს მოწყვლადი კატეგორიის ბავშვებს. შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდებას. მოცემული ტრაგედია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არ არსებობს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის გამართული პრაქტიკა, რომელიც სწორად და დროულად უპასუხებს ამ კატეგორიის ოჯახების საჭიროებების გამოვლენას და კრიზისულ შემთხვევებზე დროულ და სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, ქვეყანაში არ არსებობს ბავშვზე ორიენტირებული მხარდამჭერი სისტემა, რომელიც იმუშავებს ოჯახების დისფუნქციებისა და კომპლექსური საჭიროებების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე, ასევე, ოჯახების რესურსების გაძლიერებაზე.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სახელმწიფოსთვის, რომელიც ყველა დონეზე დეკლარირებს ბავშვთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას და ამ მიმართულებით ქმნის სამთავრობო სამოქმედო გეგმებს, არ მოაქვს რეალური შედეგები, რაც ხარისხობრივად შეცვლის ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის მაჩვენებლებს.
აღნიშნული ფაქტის სიმწვავის გათვალისწინებით, გადაუდებლად აუცილებელია გადაიხედოს ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი დახმარების პროგრამა და მისი ცალკეული კომპონენტები, ასევე, შეფასდეს ამ კატეგორიის ოჯახების კომპლექსური საჭიროებები, რასაც დაეფუძნება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე არაფულადი მომსახურებების მოდელების შექმნა და ეტაპობრივი განვითარება.