კოალიცია ეხმიანება ბავშვთა დაცვის სფეროში მიმდინარე გამოწვევებს

,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ გამოთქვამს მწუხარებას ორი მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და ბავშვთა მიმართ სრული პასუხისმგელობებისა და ვალდებულელების გააზრებით მოუწოდებს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო უწყებებს, მოახდინონ სათანადო და გონივრული რეაგირება მომხდარ კრიზისულ სიტუაციასთან  დაკავშირებით.

მედიას მივმართავთ თხოვნით, ყველა საკითხის გაშუქებისას, რომელიც შეეხება ბავშვებს,  იხელმძღვანელონ პროფესიული და ეთიკური სტანდარტების, ასევე ბავშვთა უფლებების პატივისცემითა და დაცვით.

არსებითია, რომ  სახელმწიფო აცნობიერებდეს  ბავშვებთან მომუშავე უწყებების  (საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური მომსახურების სააგენტო, სამართალდამცავი ორგანოები და სხვა) და მათი თანამშრომლების უდიდეს პასუხისმგებლობებს ბავშვებთან მუშაობისა და კომუნიკაციის პროცესებში.

ამავდროულად, არსებითია საზოგადოების თითოეული წევრი იაზრებდეს პრობლემის სიმწვავეს იმგვარად, რომ მოახდინოს რაციონალური რეაგირება ბავშვებისათვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნის მიზნით. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დაკვირვების შედეგად ცხადია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოციალური სამსახურები, მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლები არ ფლობენ სათანადო კომპეტენციებსა და პრაქტიკებს მსგავს კრიზისულ სიტუაციებში პროფესიული მოქმედებისთვის.

 

სოციალური დაცვის სისტემა

სოციალური დაცვის სისტემამ უნდა გააცნობიეროს მშობლებისა და მზრუნველების მხარდაჭერის მნიშვნელოვნება და ამ კუთხით მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომებისა და პროგრამების დანერგვის აუცილებლობა. ეს სისტემა მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახების გაძლიერებას, როგორც პოზიტიური მშობლობის, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით. მშობელთა და მზრუნველთა მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია მშობლებსა და შვილს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიებებისა და ამგვარად, მშობლობის არასათანადო პრაქტიკის შემცირებისთვის.

 

განათლების სისტემა

მიმართული უნდა იყოს პიროვნების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არ არსებობს მკაფიოდ შემუშავებული რეკომენდაციები ან წესები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება უსაფრთხო სასკოლო კლიმატის შექმნა, მით უფრო, რომ კრიზისულ სიტუაციებში შესაძლებელი იყოს ამ უსაფრთხო კლიმატის მაქსიმალურად შენარჩუნება, თითოეული მოსწავლისა, თუ დაწესებულების ინტერესების დაცვა, დამაზიანებელი ინფორმაციის არიდება და დაცული და უსაფრთხო პირადი სივრცეების შექმნა, სადაც ბავშვს შეუძლია გამოხატოს საკუთარი ემოციები, გრძნობები და დამოკიდებულებები, დასვას შეკითხვები და კრიტიკისა და განკიცხვის გარეშე მიიღოს პასუხები. იგრძნოს, რომ არის ღირებული პიროვნება მის სოციალურ სივრცეში.

 

მართლმსაჯულების სისტემა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის პირველ კონტაქტს მართლმსჯულების სისტემასთან, განსაკუთრებით პოლიციასთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბავშვის გამოკითხვა ნებაყოფლობითია, პოლიციამ იგი უნდა გამოკითხოს მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება არასრულწლოვანთან არაფორმალური „გასაუბრების“ და სხვაგვარი კომუნიკაციის ეტაპზე, რა პრობლემების თაობაზეც, აღიშნული იყო არაერთ კვლევაში (სახალხო დამცველისა და ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ერთობლივ კვლევა – არასრულწლოვანი ბრალდებული უფლებები სისხლის სამართლის პროცესში“) და ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებიც, მაღალი ალბათობით ადასტურებს ამ გამოწვევას. ამ ხარვეზების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგას ნაბიჯები ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულებით, სპეციალური დანაყოფების შექმნის მიზნით, სადაც ამის საჭიროება მეტად იკვეთება (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში). გარდა ამისა, უნდა გაუმჯობესდეს შესაბამის პროფესიონალთა გადამზადების ხარისხი და ამ დანაყოფების საქმიანობის ხარისხის კონტროლის სისტემა.

კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვთა სამართლებრივი და  სხვა  შესაბამისი  დახმარების უფლება ასახულია საერთაშორისო დოკუმენტებში. აღნიშნულ დოკუმენტებში,  მოცემულია ბავშვის უფლებები, მიიღოს  იურიდიული დახმარება,  როდესაც  მას ეჭვმიტანილის სახით  კითხავენ, ასევე,  როდესაც  ბავშვს  ბრალდებას წაუყენებენ და იგი სასამართლოს წინაშე წარდგება. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 37-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამართლებრივი და სხვა შესაბამისი დახმარება. ამასთანავე, კონვენციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის (II) ნაწილის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ბავშვი სარგებლობდეს “სამართლებრივი ან სხვა აუცილებელი დახმარების მიღებით თავისი დაცვის მომზადებისა და განხორციელებისათვის“. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებას ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარებით. ხოლო არასრულწლოვან მოწმეს მხოლოდ გარკვეული სახის დანაშაულის შემთხვევებში და გადახდისუუნარობისას, აქვს უფასო იურიდიული დახმარების უფლება. მნიშვნელოვანია, რომ გარანტირებული იყოს, განსაკუთრებით 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნების დაცვის უფლება, ვინაიდან სამართლებრივი დახმარების გარეშე, ბავშვმა შესაძლოა მისცეს საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რის გამოც მასზე როგორც წესი ეცვლება მოწმის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, შექმნის დამატებითი სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ბავშვებისთვის.

ბავშვზე მორგებული გარემო, შესაბამისი პროფესიონების სპეციალიზაციის გარდა, ითვალისწინებს ბავშვზე მორგებული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას. არქიტექტურულმა გარემომ ბავშვს შესაძლოა დისკომფორტი შეუქმნას, ან სულაც რისკის შემცველი აღმოჩნდეს მისთვის. როგორც საერთაშორისო სტანდარტები განსაზღვრავს, ბავშვის უფლება მოუსმინონ მას, მჭიდროდ არის დაკავშირებული გარემოსთან.  როგორც ბავშვის უფლებათა კომიტეტი მიუთითებს: „ბავშვს  ეფექტურად  ვერ  მოუსმენენ  შემაშინებელ,  მტრულ,  არასენსიტიურ ან მისი ასაკისათვის შეუფერებელ გარემოში“.

ევროსაბჭოს სახელმძღვანელო პრინციპები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ განმარტავს, რომ საქმე, რომელშიც ბავშვი მონაწილეობს  უნდა  განიხილონ,  არა შემაშინებელ, ბავშვის მიმართ მგრძნობიარე გარემოში, სადაც ის თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და შესაბამისად უფრო თავისუფლად ილაპარაკებს. „ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი და მეგობრული დამოკიდებულება მათი დაცვის   ნაწილია.  განმეორებითი გამოკითხვები, მძიმე გარემო და  პროცედურები,  დისკრიმინაცია და  სხვა  მრავალი ამგვარი მიდგომა ბავშვებისათვის, რომლებიც,   შესაძლოა,  დახმარებას  და       დაცვას საჭიროებენ, ტკივილის და ტრავმის მომტანია.“ გამოკითხვის/დაკითხვის პროცედურები მორგებული უნდა იყოს ბავშვის ინტერესებზე, რაც გულისხმობს სპეციალურად ბავშვებისათვის მოწყობილ გამოკითხვის ოთახს, ერთ სივრცეში არსებულ ინტერდისციპლინურ სერვისებს, მოწმე ბავშვებზე მორგებულ გარემოს, ჩვენების მიცემისას შესვენებას და სხვა.

ამ კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სპეციალური, ბავშვზე მორგებული სივრცეები (სადაც ყველაზე მეტად იკვეთება ამის საჭიროება), რომელიც მორგებული იქნება ბავშვის საჭიროებებზე, ბავშვთან კომუნიკაციის უფლება ექნება მხოლოდ სპეციალიზირებულ პირებს, დაცული იქნება ბავშვების კონფიდენციალობა და სადაც ჩამოყალიბებული იქნება მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა.

#მინდამეგულებოდეს სისტემა, რომელიც ზრუნავს უსაფრთხო გარემოს შექმნაზე

 

მედია 

მნიშვნელოვანია,  ბავშვებთან და მოზარდებთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდეს იმგვარად, რომ  მაქსიმალურად მოხდეს ბავშვების მხრიდან სუიციდური, თუ დელიქვენტური ქცევის წახალისების რისკების დაწევა. დაუშვებელია სასოწარკვეთილი ფრაზების, პირადი ან გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაციების ტირაჟირება და/ან რომანტიზება.

გვესმის,  ეს არ არის თქვენი თვითმიზანი, მაგრამ როდესაც საუბარია ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე აუცილებელია რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება. შესაბამისად, გთხოვთ, იხელმძღვანელოთ  ჟურნალისტური ეთიკის ნორმების შესაბამისად  და დაიცვათ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი. გახსოვდეთ, რომ ბავშვიც და მოზარდიც თქვენი მაყურებელი, მსმენელი და მკითხველია. ისინი მსგავს სიტუაციებს ძალიან განიცდიან. არასათანადოდ გაშუქებული ფაქტები არღვევს, არა მხოლოდ იმ პირების უფლებებს, ვისაც უშუალოდ ეხება, არამედ თითოეულ ინდივიდს, განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებს.

#მინდამეგულებოდეს მედია რომელიც იცავს ბავშვის საუკეთესო ინტერესს

 

ოჯახი

მშობლები, თუ სხვა მზრუნველი პირები ვალდებულნი არიან პატივი სცენ ბავშვის პიროვნებას და აღზარდონ იგი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, თანასწორობის, ტოლერანტობის და სოლიდარობის პრინციპებით. იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის. მოამზადონ ისინი საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

მშობლებსა და სხვა მზრუნველ პირებს მოგიწოდებთ დააკვირდეთ თქვენს ქცევას, თქვენი ემოციური მდგომარეობის გამოხატვის სტილსა და ფორმას. გახსოვდეთ, რომ, როგორც წესი, თქვენი შვილებისთვის თქვენ ხართ ავტორიტეტები. თქვენი ქცევა, დამოკიდებულება და განწყობები დიდწილად განაპირობებს და განსაზღვრავს თქვენი შვილების ემოციურ მდგომარეობას (როგორც სიტუაციურად, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში). ეცადეთ შექმნათ დაცული და უსაფრთხო პირადი და სოციალური სივრცე თქვენი შვილებისთვის. კითხვების არსებობის შემთხვევაში, იყავით გულწრფელები და ემპათიურები, თუმცა, თუ ფიქრობთ, რომ არ იცით როგორ ისაუბროთ შვილთან, ან არ გაქვთ პასუხი დასმულ შეკითხვაზე, გაიარეთ კონსულტაცია (თუნდაც, მოგვწერეთ ჩვენ) და შემდეგ დაუბრუნდით პასუხით თქვენს შვილს. ბავშვები ღირსების მქონე პიროვნებები არიან, ამიტომ მოექეცით მათ ემოციებს და განცდებს პატივისცემით, დაუთმეთ დრო, აგრძნობინეთ, რომ გიყვართ, გესმით მათი და თითოეულს, მნიშვნელოვანი როლი აქვს  თქვენს ცხოვრებაში.

#მინდამეგულებოდეს ოჯახი, რომელიც ზრუნავს ბავშვის ემოციურ კეთილდღეობაზე და მის საუკეთესო ინტერესზე

 

აქვე აღსანიშნავია, რომ ,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ იზიარებს კოალიციის წევრი ორგანიზაციების, ცალკეულ განაცხადებს:

არტრნიორობა ადამინის უფლებებისათვის – PHR ეხმაურება პოლიციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტს

World Vision International-ის ფილიალი საქართველოში#მინდამეგულებოდე

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური  და სამედიცინო  რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT  ეხმაურება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო ფსიქოლოგიურ ძალადობის ფაქტს