კოალიცია ეხმიანება ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის და სერვისების პრობლემას

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გამოხატავს შეშფოთებას 13 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე და მისთვის საჭირო მომსახურებების მიწოდების პროცესში არსებულ სირთულეებზე, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია იმედის 7 თებერვლის სიუჟეტიდან.  აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის სისტემური პრობლემები, რომელიც არსებობს ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემაში.

კოალიცია მკვეთრად უარყოფითად აფასებს ქვეყანაში ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის ვითარებას, რომელიც მდგომარეობს პრევენციული და სარეაბილიტაციო სერვისების არარსებობაში, ასევე მიუთითებს  გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებზე, რომელიც უმეტესად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პრობლემებთან არის დაკავშირებული.

კოალიცია ასევე გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციასთან მიმართებაში, რომელიც მდგომარეობს სექსუალური ძალადობის საკითხებთან შშმ ბავშვთა დღის ცენტრების არარელევანტურ დაკავშირებაში, რასაც ხელოვნურად გადააქვს ყურადღება მთავარი პრობლემიდან სხვა მიმართულებით.  აღნიშნული დაკავშირება მოხდა 7 თებერვლის სიუჟეტშიც, რა დროსაც სამინისტროს წარმომადგენელმა დაუსაბუთებელი ბრალდებები გააჟღერა ცენტრი „ანიკა“-ს მიმართ.

მნიშვნელოვანია სამინისტრომ აღიაროს, რომ დღეისათვის არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული დღის ცენტრის მომსახურება. არსებული დაფინანსების პირობებში სერვისები ობიექტურად ვერ ითვალისწინებენ კონკრეტული ბავშვის საჭიროებას და საფრთხის წინაშე აყენებენ ამ ბავშვის და სხვა ბავშვების უსაფრთხოებას. ასეთ ვითარებაში ცენტრებისთვის ერთადერთი არჩევანი ბავშვისთვის სერვისზე უარის თქმაა, რაც გამოწვეულია საფრთხის შექმნის ობიექტური ვითარებით. აღნიშნულთან დაკავშირებით მესამე წელია სასამართლოში მიმდინარეობს დავა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” (PHR) ჩართულობით[1].

ქვეყანში ასევე არ არის შექმნილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შშმ ბავშვების ფსიქო სოციალური რეაბილიტაციის მომსახურება. არსებული შშმ ბავშვთა ცენტრების პირობებში შეუძლებელია აღნიშნული მომსახურების მიღება.

კოალიციის ძალისხმევის შედეგად, საქართველოს ამავე სამინისტროს მინისტრის #01-23/ო ბრძანებით, ,,დღის ცენტრების ქვეპროგრამის” განვითარების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. კოალიციის წევრი ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული ჯგუფის მუშაობის პროცესში და არა ერთხელ აცნობეს სამინისტროს (სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმების სახით) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დღის ცენტრების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, 2018 წლის ნოემბერში, წერილობით მოითხოვეს შეხვედრა მინისტრთან არსებული გამოწვევების მოგვარების გზების დასახვის მიზნით. თუმცა, სამინისტროს დღემდე არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები არსებული საკითხებზე მუშაობის დაწყების მიზნით.

ზემოაღნიშნული ფაქების გათვალისიწნებით, მიუღებელია კონკრეტული მომსახურების დადანაშაულება იმაში, რომ მას მსგავსი სპეციფიური მომსახურება არ აქვს (მაგ.: პერსონალური ასისტენტი, ფსიქიატრი და სხ.). აღნიშნულ საკითხზე დღის ცენტრები სამინისტროსთან კომუნიკაციის დროს წლებია აღნიშნავენ, რომ:

  • 15-20 და თუნდაც 25%-იანი ზრდა ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მომსახურების გაუმჯობესების ხარისხს, აცდენილია რეალურ საჭიროებებსა და ხარჯებს, რაც შეუძლებელს ხდის დღის ცენტრების მიერ ხარისხიანი მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას. აღნიშნული მატება, მხოლოდ ინფლაციის კომპენსაციად შეიძლება იყოს აღქმული;
  • არსებული მდგომარეობა მაღალი ალბათობით აიძულებს ხარისხიანი მომსახურების მიმწოდებელ დღის ცენტრებს შეწყვიტონ მომსახურება ან რადიკალურად შეცვალონ მუშაობის ფორმატი.
  • დღის ცენტრების მომსახურება ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა/ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ერთი მომსახურებიდან სხვა მომსახურებაში გადამისამართებას;

შესაბამისად, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მიმართავს პასუხისმგებელ უწყებებს და მოითხოვს:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ დღის ცენტრების ქვეპროგრამის განხორციელების პროცესში არსებული სირთულეების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეპროგრამის მომსახურების მიმღებთა ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებისაკენ და ხარისხიანი მომსახურების მიღებისაკენ; აღნიშნულ პროცესში გაითვალისწინონ დღის ცენტრების ქვეპროგრამის განვითარების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები; პროცესში ჩართულები იყვნენ დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი და ბავშვის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები;
  • ქვეყანაში დაიგეგმოს და განხორციელდეს სექსუალური ძალადობის პრევენციის პროგრამებზე, ასევე, შესაბამისი სპეციალისტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო მომსახურების შექმნისა და შემდგომი განვითარებისათვის;

[1] https://phrgeorgia.wordpress.com/2018/03/07/phr-139/?fbclid=IwAR3Op50GThD2IDr-bEGTznaLgoDr4L8bqtKNONNsxBMJ8eCnMPy3vLP8y-w