კოალიცია ეხმიანება სოფიო კილაძის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ

ა(ა)იპ კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როდესაც ბავშვთა კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარემ, სოფიო კილაძემ, ღიად და დაუფარავად შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოავლინა კოალიციის საბჭოს წევრი ორგანიზაციის ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენლების, ანა აბაშიძის და ანა არგანაშილის მიმართ.

კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ჩართული ორგანიზაციების მთავარი მიზანი და ამოცანა იყო და არის არა ,,დავალებების შესრულება“, არამედ ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის ხარისხის ამაღლება. კოალიციის წევრ ორგანიზაციებს ღრმად სწამთ, რომ უკეთესი სისტემების შექმნის პროცესში უნდა იყოს მოსმენილი ყველა მხარის მოსაზრება, რაც ჯანსაღი დიალოგისა და თანამშრომლობის პროცესზე მიუთითებს.

გუშინ ანა აბაშიძე,  წარმოადგენდა კოალიციის გაერთიანებულ ხმას და კონსტრუქციულად მოახდინა არსებული ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის შეფასება, აღნიშნა რაოდენ მნიშვნელოვანია აღნიშნული კოდექსის შემუშავება და ასევე წარმოადგინა შესაბამისი რეკომენდაციები მისი დახვეწის მიზნით.

კოალიციაში შემავალი თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელი, საკუთარი მისამართით იღებს კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს, რაც სრულიად მიუღებელი და აღმაშფოთებელია თითოეული ჩვენგანისთვის.

კოალიცია მიიჩნევს, რომ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხი იზომება საზოგადოების თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებითა და ყველა მიმდინარე რეფორმის განხორციელების პროცესში, ფართო საზოგადოების ჩართულობით. თავად ბავშვის უფლებებათა კომიტეტსაც, არა ერთხელ მიუთითებია აღნიშნული მიმართულებით საზოგადოების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კოალიცია აერთიანებს 48 ორგანიზიაციას, ბავშვთა უფლებათა კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში, მხოლოდ ერთეულ ორგანიზაციებს ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა და ისიც არასრულად. კოალიციის წევრთა უმრავლესობას 2018 წლის აგვისტოს მერე არ მიეცა შესაძლებლობა ჩართულიყო ბავშვთა კოდექსის სამუშაო დოკუმენტის მეორე ვერსიის შემუშავებაში, რის გამოც ვერ მოხერხდა კომენტარებისა და რეკომენდაციების მიწოდება, რისი პირველი შესაძლებლობაც ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ პრეზენტაციაზე მიეცათ. აღნიშნული პოზიცია განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ კოალიციის წევრი ორგანიზაციები, მეორე ათწლეულია ჩართულნი არიან ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესში, შესაბამისად, აქვთ მრავალმხრივი გამოცდილება და კომპეტენცია, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტიზა, ინსტიტუციურად შეაფასონ სფეროში არსებული მდგომარეობა, გამოავლინონ ის მწვავე და კრიტიკული ასპექტები, რომელთა წინაშეც დგას ბავშვთა კეთილღეობის სფერო და რომელთა გადაჭრაზეც მყისიერი რეაგირება უნდა გაწიოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ.

წარმოდგენილ ბავშვთა კოდექსის პროექტთან დაკავშირებით კოალიცია გეგმავს  მოამზადოს რეკომენდაციები და კომენტარები, რათა მოხდეს კოდექსის პროექტის დახვეწა და იმ სახით დამტკიცება რომელიც  ასახავს ქმედით მექანიზმებს ბავშვთა კეთილდღეობის სისტემაში არსებულ გამოწვევების დასაძლევად. ვიმედოვნებთ, რომ კომიტეტი გაეცნობა და გაითვალისწინებს მომზადებულ რეკომენდაციებსა და კომენტარებს.