კოალიცია საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 7 სტრატეგიის (INSPIRE) ადვოკატირების კამპანიას განახორციელებს

ბავშვთა დაცვის რეგიონალური კოალიციის „Federation ChildPact” მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას მიეცა შესაძლებლობა, განახორციელოს კამპანია, რომელმაც ხელისუფლებასა და საზოგადოებაში  ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 7 სტრატეგიის (INSPIRE პაკეტი) დანერგვისა და გამოყენების საჭიროების შესახებ ცნობიერების გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი.

INSPIRE-ის პაკეტის ადვოკატირების, ასევე, შესაბამისი კამპანიის წარმართვის პროცესში, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას ექნება შესაძლებლობა, შექმნას მინიმუმ 5 წევრისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც  უკვე არსებული ინიციტივების, რეკომენდაციების ანალიზისა და  ქვეყნის დონეზე არსებული მდგომარეობის ანალიზის შედეგად, გამოიყოფს 5 პრიორიტეტულ მიმართულებას და შესაბამისი სამოქმედო გეგმით მოახდენს ადოკატირებას.

კამპანიის ფარგლებში დაიგეგმება INSPIRE-ისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობაა დაგეგმილი მასმედიის საშუალებებთან. გარდა ამისა, სოციალური მედია პლატფორმების გამოყენებით, გავრცელდება მოკლე ცნობები INSPIRE-ის მიდგომების არსისა და მისი ეროვნულ დონეზე დანერგვის საჭიროების შესახებ.

შესაბამის ხელშეკრულებას, ChildPact-სა და ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციას შორის 2019 წლის 15 აპრილს მოეწერა ხელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული 7 INSPIRE სტრატეგია საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, ეფექტურად შეასრულონ ბავშვთა უფლებების კონვენციით ნაკისრი ვალდებულება ძალადობის ნებისმიერი ფორმისაგან ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით და დაუახლოვდნენ მდგრადი განვითარების მიზნებს[1]. გარდა ამისა, საქართველომ, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის დასრულების გლობალური პარტნიორობის (EVAC – End Violance Agaings Children)  გზამკვლევმა ქვეყანამ, აიღო ვალდებულება, 2020 წლამდე შეიმუშაოს და დანერგოს  INSPIRE სტრატეგიულ მიმართულებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ INSPIRE, როგორც მიდგომათა ერთობლიობა წარმოადგენს უნიკალურ რესურსს, რომლის გამოყენებაც სახელმწიფოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მიერაა შესაძლებელი. პაკეტში წარმოდგენილი სტრატეგიები ჰოლისტიკური მიდგომის დაფუძნებას უწყობს ხელს და კონცენტრირდება ბავშვთან კონტაქტში მყოფ ნებისმიერ პირზე, იქნება ეს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი თუ მასწავლებელი. შვიდი სტრატეგიიდან ექვსი  კონცენტრირდება ძალადობის პრევენციაზე ნებისმიერ გარემოში(კანონმდებლობის აღსრულება; ნორმები და ღირებულებები; უსაფრთხო გარემო; მშობლისა და მზრუნველის მხარდაჭერა; შემოსავალი და ეკონომიკური გაძლიერება; განათლება და ცხოვრებისეული უნარები); მხოლოდ ერთი სტრატეგია ეხება რეაგირებასა და ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას. აღნიშნული ფაქტორი მიუთითებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებისა და დანერგვის, სპეციალისტების, მშობლების, ბავშვების ზრუნვაზე პასუხისმგებელი პირების, მასწავლებლების განათლების გზით ხელი შეუწყოს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვების მიმართ ძალადობას ადგილი არ ექნება.

პროექტის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ინფორმაციის გავრცელებისა და ადვოკატირების მეშვეობით ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ბავშვთა უფლებების კონვენციის, მდგრადი განვითარების მიზნებისა და EVAC-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას.

პროექტის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის აქტივობები  ბავშვთა დაცვის რეგიონალურ კოალიცია ChildPact-თან თანამშრომლობის შედეგად  და Oak Foundation-ისა და Ignite Philanthropy-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

[1] მიზანი 16.2 „დასრულდეს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობა, მათი ექსპლუატაცია, ტრეფიკინგი და ძალადობის ნებისმიერი სხვა ფორმის გამოვლენა“; მიზანი 5.2 „აღმოიფხვრას ქალებისა და გოგონების მიმართ კერძო და საჯარო სფეროში ძალადობის ყველა ფორმა, მათ შორის ტრეფიკინგი და სექსუალური ან სხვა სახის ექსპლუატაცია“ და მიზანი 16.1 „არსებითად შემცირდება ძალადობისა და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებლები მსოფლიოს მასშტაბით“