კოალიციის წევრები ჰავაის ექსპერტს შეხვდნენ

ჰავაის შტატის ექსპერტი, ქალბატონი ლორი ტოჩიკი, გუშინ კოალიციის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  კოალიციის წევრებმა მოისმინეს ჰავაის შტატში  არასამთავრობო ორგანიზაცია EPIC ‘Ohana (EPIC- Effective Planning and Innovative Communication; ‘Ohana-Family)  ინოვაციური მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც  მუშაობს ოჯახების გაძლიერებასა და ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ტრანსფორმაციული მეთოდებით. აღნიშნული მეთოდი ეფუძნება პატივისცემას, თანამშრომლობას და ბენეფიციარებთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიებას. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორგანიზაციის ორი ძირითადი საქმიანობა:

  • ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებთან ურთიერთობების გაუმჯობესება/აღდგენა, რათა მოხდეს ბავშვის სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მოხვედრის პრევენცია ან  ოჯახში რეინტეგრაცია. ისინი ახდენენ ოჯახების/ნათესავების იდენტიფიცირებას, მათი ადგილ-მდებარეობის განსაზღვრასა და პროცესებში ჩართვას. მათი ძირითადი მეთოდოლოგია ეფუძნება სპეციფიურ „ოჯახურ კონფერენციებს”.
  • სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში ამჟამად მყოფი, ან ამ გამოცდილების მქონე ახალგაზრდების (16-26წლამდე), დახმარება მომავლის დაგეგმვაში და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ტრანზიციის პროცესის წარმატებით გავლაში მხარდაჭერა. მათი ძირითადი მიდგომა ეფუძნება ახალგაზრდების მხარდამჭერი ქსელის მობილიზაციასა და „ახალგაზრდის წრის“ ორგანიზებას.

აღნიშნული მიდგომა კოალიციის წევრებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ქალბატონ ლორი ტოჩიკთან საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ჰავაიდან ქალბატონი ლორი ტოჩიკის ვიზიტი საქართველოში პროფესიული პრაქტიკის პროგრამის (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა.  კოალიციასთან ქალბატონი ლორის სამუშაო შეხვედრა კი  პროგრამის კურსდამთავრებულის, ნონა ციხელაშვილის ინიციატივით გაიმართა.

ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ  დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ მათი ვებ-გვერდი: www.epicohana.net

60389516_293994964877913_5580937434213908480_n
60206857_843845995969360_7438001054425284608_n 60700453_1225454327622335_3282857617042440192_n