ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის საქმიანობის მოკლე ისტორია

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ) 2003 წლიდან მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე.  ძდექ-ი საქართველოს მასშტაბით აერთიანებს 10 რეგიონულ კომიტეტსა და 6 ქვე-კომიტეტს.

ორგანიზაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს სამართლებრივ დახმარებას, ფსიქო-სოციალურ  რეაბილიტაციასა და თავშესაფრის მომსახურებას.

შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად ძდექ-ი აქტიურად მონაწილეობდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებსაქართველოს კანონის შემუშავების პროცესში, რომელიც 2006 წელს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ.

2007 წლიდან ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ინიციატივით მომზადდა ხუთი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (რომელთა დიდი ნაწილი მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ), რომლის მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისათვის საკანონმდებლო  ბაზის გაუმჯობესება.

ძდექ-ი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც  მუშაობა დაიწყო ოჯახში ძალადობის თემაზე და გახსნა თავშესაფარი თბილისსა და ახალციხეში. ძდექ-ი, სახელმწიფოს გარდა, რჩება ერთადერთ ორგანიზაციად, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უზრუნველყოფს თავშესაფრის სერვისით.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის თავშესაფარი, ასევე, ასრულებს კრიზისული ცენტრის ფუნქციასაც და ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს ემსახურება იმ შემთხვევაშიც, სანამ ისინი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივ სტატუსს მიიღებენ. ვინაიდან ძდექ-ის თავშესაფარში მოსახვედრად საჭირო არ არის დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, ორგანიზაციის არსებული თავშესაფარი მუდმივად გადატვირთულია და სასიცოცხლო როლს ასრულებს იმ ქალებისა და ბავშებისათვის, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან და საჭიროებენ პირველად და გადაუდებელ დახმარებას.

ძდექ-ი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებათა განხორციელების სფეროში. მსგავსი წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2015 წელს ძდექ-მა გურჯაანის მუნიციპალიტეტში შეძლო კრიზისული ცენტრის გახსნა.

ძდექ-ის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობის განმეორების თავიდან აცილებასა და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლას.

ძდექ-ი  მრავალი წელია ატარებს  ტრენინგებსა და  საინფორმაციო შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფია ის ინსტიტუციები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობენ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. კერძოდ: მოსამართლეები, პოლიციელები, პროკურორები, ადვოკატები, სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოღვაწე პირები, რათა გაიზარდოს  მათი ცნობიერება ოჯახში ძალადობის პრობლემის თაობაზე და ხელი შეეწყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას.