საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი ექიმთა ჯგუფის მიერ 1998 წელს შეიქმნა და მიზნად იმ ადამიანთა დახმარება დაისახა, რომელთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ იდგა. 1999 წელს ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციის სახით ჩამოყალიბდა და 2013 წლამდე საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდის სახელწოდებით ფუნქციონირებდა.

დაფუძნების პირველივე წლებიდან, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მთავარ მიმართულებას საქართველოში ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობის სტანდარტების დამკვიდრება წარმოადგენს და ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხებს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „არ დავუშვათ შეურაცხყოფა და ძალადობა ქალებსა და ბავშვებზე“, რომელიც 2001 -2003 წლებში საქართველოს საზოგადოებრივიჯანდაცვის ფონდმა პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან – „წინსვლა“ და „ქალი და საზოგადოება“, ერთად განახორციელა, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში ბავშვზე ძალადობის საკითხისადმი ტაბუს მოხსნის საქმეში. პირველი ნაბიჯები რთული, მაგრამ შედეგიანი აღმოჩნდა – დისკუსია საქართველოში ბავშვზე ძალადობის არსებობის შესახებ, მართალია მტკივნეული, მაგრამ მაინც დაიწყო პროფესიულ საზოგადოებებში.

2002 წელს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა საქართველოში პირველი, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა საკონსულტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურება დააფუძნა „ბავშვთა დახმარების ცენტრის“ სახელწოდებით და ამ მომსახურებას დღემდე აწვდის ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ, ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მომსახურება, ისევე როგორც ფონდის მუშაობა ბავშვზე ძალადობის საკითხებზე ზოგადად, ეფუძნება მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობის პრინციპებს. ფონდი ცდილობს ამ პრინციპის დაფუძნებას საქართველოს ბავშვთა დაცვის სისტემაში.

2008 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ ძალადობის და უგულებელყოფის პრევენციისთვის (ISPCAN) საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მულტიდისციპლინარულ ჯგუფს ჯილდო გადასცა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში განსაკუთრებული  წვლილის შეტანისთვის.

ბავშვებს და ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ცხოვრებაში და შემთხვევითი არ არის, რომ პირველი პროექტი, რომლის განხორციელებისთვის ფონდმა დონორისგან – „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“, დაფინანსება მიიღო, სპეციალურად ბავშვების და ახალგარდებისთვის იქნა მომზადებული. ამ პროქტის – “უფროსი ძმები, უფროსი დები”, განხორციელება 1999 წელს დაიწყო, წლების განმავლობაში გრძელდებოდა და იგი  საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი გახდა. ამ პერიოდიდან დაწყებული, ბავშვები და ახალგაზრდები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფონდის პროგრამების მომზადებასა და განხორციელების პროცესში – თანატოლთა განათლება, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება ბავშვზე ძალადობის საკითხებზე მათი აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. 2010 წელს ბავშვებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #13 – ის შემუშავებაში, რომელიც ძალადობისგან ბავშვთა დაცვას ეძღვნება

ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, თავად დაიცვან საკუთარი უფლებები, თუ ამ შესაძლებლობას უფროსები არ შეუზღუდავენ. 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა დააფუძნა ბავშვთა დახმარების ხაზი  ევროპული საერთაშორისო ნომრით 116 111, რათა ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა,  ისაუბრონ თავიანთი პრობლემების შესახებ და მოიძიონ დახმარება, როდესაც სჭირდებათ. ბავშვთა დახმარების ხაზი საჭიროებს განვითარებას, რომ იგი ხელმისაწვდომი იყოს საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისთვის 24 საათის განმავლობაში.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დიდ ძალისხმევას ახმარს იმ პროფესიონალთა ცოდნისა და უნარების განვითარებას, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან ან პროფესიული საქმიანობის ფარგლებში შეხება აქვთ ბავშვებთან. თავისი არსებობის განმავლობაში, ფონდმა ბავშვზე ძალადობის პრევენციის, ძალადობის ამოცნობის და მასზე რეაგირების საკითხებში მოამზადა ასობით პროფესიონალი – სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, პოლიციელი, ექიმი, მედდა, მასწავლებელი, აღმზრდელი და სხვა.

ფონდმა შეიმუშავა და გამოსცა ბავშვზე ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების და მართვის გზამკვლევები მედდებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, ექიმებისთვის და სამართალდამცავი სისტემის პროფესიონალთათვის; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეაბილიტაციის მეთოდური სახელმძღვანელო, რომელიც დახმარებას უწევს ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებით დაკავებულ სპეციალისტებს და ხელი შეუწყო საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვზე ძალადობის საკითხების სწავლების დანერგვას მომავალი ექიმების, ფსიქოლოგების, პედაგოგების, სოციალური მუშაკების და სამართალდამცავთათვის. 2009 წელს გამოიცა პუბლიკაცია „ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები“ – სტუდენტებისთვის, რომელიც მომზადდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდმა, ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის დაკითხვა-გამოკითხვის მეთოდოლოგიის შემუშავებით, მისი  პუბლიკაციით და ამ მეთოდოლოგიის გამოყენებაში  სამართალდამცავი სფეროს წარმომადგენელთა ტრენინგებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის მდგომარეობა სამართალწარმოების პროცესში.  ძალადობის მსხვერპლი და მოწმე ბავშვის დაკითხვა – გამოკითხვის მეთოდოლოგია გამოიცა 2014 წელს და მას საფუძვლად დაედო აშშ-ს ბავშვის ჯანმრთელობის და ადამიანის განვითარების ეროვნული ინსტიტუტის ბავშვის დაკითხვა-გამოკითხვის სტრუქტურული მეთოდი – NICHD პროტოკოლი. ქართული ვერსიის შემუშავება-ადაპტირება განხორციელდა ორიგინალური ვერსიის ავტორთა ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი დაფუძნების დღიდანვე ადვოკატირებას უწევს საქართველოში ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სფეროს განვითარებას. ფონდმა ინიცირება გაუწია და შემდეგ, 2007 – 2008 წლებში, განახორციელა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევები „საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა“ და „ეროვნული კვლევა საქართველოს სკოლებში ძალადობის შესახებ“. კვლევების შედეგებმა ხელი შეუწყვეს საქართველოში ძალადობისგან ბავშვთა დაცვის სისტემის ჩამოყალიბებას და ძალადობისგან ბავშვთა დაცვის საკითხების ასახვას ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის სახელმწიფო სამოქმედო გეგმებში. ეს პროცესი წარმატებით დასრულდა 2010 წელს, როდესაც ბავშვთა დაცვის (რეფერირების) პროცედურები ოფიციალურად დამტკიცდა. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ცოდნამ და გამოცდილებამ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების მართვის მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული თანამშრომლობის შესახებ ასახვა ჰპოვა ბავშვთა დაცვის რეფერირების პროცედურებში.

ადვოკატირების პროცესში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი იყენებს საერთაშორისო აუდიტორიას და ინსტრუმენტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მონაწილეობს ალტერნატიული ანგარიშების მომზადებასა და წარდგენაში. არის მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელის და კოალიციის წევრი.

ჩვენ გვჯერა, რომ ოჯახის გაძლიერებით, კარგი მშობლობის უნარების განვითარებით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით ძალადობის პრევენცია შესაძლებელია, ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მშობელთა და პროფესიონალთა ცოდნისა და უნარების განვითარება, ბავშვთა დაცვის მდგრადი და ძლიერი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა იყო და იქნება საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის უმთავრესი ამოცანა.

საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ეს ვებგვერდი ძალადობისგან ბავშვთა დაცვას ეძღვნება და  ეს ისტორიაც ამავე სფეროში ფონდის გამოცდილების მოკლე მიმოხილვაა. ფონდს აქვს წარმატებული გამოცდილება  საზოგადოებრივი ჯანდაცვის,  საქველმოქმედო და ჰუმანიტარულ საქმიანობებში და იგი ისევე, როგორც ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამა, ფონდის დაფუძნებიდან იწყება და დღემდე გრძელდება.