თანადგომა

თანადგომა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი – თანადგომა“ დაარსდა 2000 წლის ოქტომბერში. თანადგომას მისიაა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება პრევენციული, საგანმანათლებლო, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისების განხორციელებისა და მათი ადვოკატირების გზით. ასევე თანადგომა უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაციების, თემების და სხვა დაინტერესებული პირების შესაძლებლობების განვითარებას. თანადგომას სერვისები ხელმისაწვდომია რეპროდუქციული ასაკის ზოგადი მოსახლეობისათვის, მაგრამ ორგანიზაცია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებზე.

ამჟამად ორგანიზაციას აქვს ცენტრალური ოფისი თბილისში და 4 ფილიალი/განყოფილება საქართველოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ რეგიონებში: ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი და  თელავი.

2017-2019 წლებში თანადგომა ახორციელებს შემდეგ პროგრამებს: 1) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების პროგრამა და 2) ფსიქიკური  ჯანმრთელობის პროგრამა. ორგანიზაციის ძირითადი სერვისებია:

  • სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერის გაწევა მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის, განსაკუთრებული ფოკუსით სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე, აივ/შიდსის, სგგი-ის, ვირუსული ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და ა.შ. საკითხების ჩათვლით;
  • ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სერვისების მიწოდება სოციალური ბიუროების, სარეაბილიტაციო ცენტრის, სოციალური საწარმოს მეშვეობით, ისევე, როგორც თვითდახმარების ჯგუფების, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის, 12 ნაბიჯის პროგრამის და ა.შ. გზით;
  • საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების გაწევა სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, თანადგომას კომპეტენციის სფეროებიდან გამომდინარე;
  • მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის გაუმჯობესებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის ადვოკატირება თვალსაჩინო ინფორმაციის მოძიებითა და წარდგენით, პოლიტიკის დიალოგების გამართვით, რელევანტურ არასამთავრობო, სამთავრობო და საერთაშორისო უწყებებთან ერთად ერთობლივი გეგმების შემუშავების გზით.