მივმართავთ მთავრობას მოახდინოს ბავშვთა მიმართ ძალადობის რეფერირების სისტემის გამართვა

ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს, 1989 წლის 20 ნოემბერს გაეროს  გენერალურმა ასამბლეამ  მიიღო, ხოლო საქართველო  კონვენციას 1994 წელს შეუერთდა, რითიც აიღო ვალდებულება შეასრულოს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები. მიუხედავად აღებული ვალდებულებებისა,  ეფექტურად ვერ ხორციელდება ერთ-ერთი  ფუნდამენტური უფლების დაცვა, როგორიცაა ბავშვების დაცულობა ყველა  ფორმის ძალადობისა და უგულებელყოფისაგან (მუხლი 19),  2007 წლის სტატისტიკა – საქართველოში გამოკითხული გოგონებისა და ბიჭების  80%[1] ყოფილა ძალადობის მსხვერპლი,  ხოლო 2013 წლის სტატისტიკა – მოსახლეობის 60% თვლის, რომ მისაღებია  ბავშვის აღზრდაში მკაცრი მეთოდების გამოყენება[2].

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევებში აღნიშნულია[3], რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამართოს ძალადობაზე რეაგირებისა და ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებები, გაზარდოს  რაოდენობა და გააძლიეროს ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადამიანური რესურსი და აამაღლოს ცნობიერება საზოგადოებაში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით[4]. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით 10 წლის განმავლობაში გატარდა რიგი ღონისძიებები (2010 წლის ბრძანება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის და რეფერირების შესახებ[5] და 2016 წლის საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე[6]), არსებული საკითხი კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.

ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების მთავრობის მოქმედი დადგენილება (2016 წლის 12 სექტემბერს  საქართველოს მთავრობის დადგენილება) ძალადობის რეფერირების ვალდებულებას განუსაზღვრავს ყველა იმ სახელმწიფო ინსტიტუციას, რომელსაც შეხება აქვს ბავშვთან (პოლიცია, სოციალური მომსახურების სააგენტო,  სკოლა, ბაღები,  სამედიცინო დაწესებულები, მუნიციპალიტეტები და ა.შ.). რეფერირების დადგენილების გამოცემიდან 1 წლის შემდგომ, კოალიციის მიერ რეფერირების პროცედურებში ჩართული უწყებებიდან მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ უწყებათა უმრავლესობას არ გააჩნია გაწერილი ძალადობის რეფერირების შიდა ინსტრუქცია და მათი თანამშრომლების უმრავლესობა არ იცნობს არსებულ დოკუმენტს, შესაბამისად,  არ ფლობენ ინფორმაციას მათზე დაკისრებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით, რაც  არსებული დადგენილების აღსრულების ხარვეზებზე მიგვანიშნებს.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების უმრავლესობა თავიანთი საქმიანობის ფარგლებში, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეფექტურად რეაგირების კუთხით, ყველა ეტაპზე აწყდება სირთულეებს: ძალადობის იდენტიფიცირება, რეფერირება, ეფექტური უწყებათაშორისი თანამშრომლობა, ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მოძალადეთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების არარსებობა/ნაკლებობა, პროფესიული ადამიანური რესურსის რაოდენობის ნაკლებობა ან/და არსებული სპეციალისტების შეუსაბამო კვალიფიკაცია (პოლიცია, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი) და ა.შ.

კოალციია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის მიმართავს საქართველოს  მთავრობას  გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა მიმართა ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით და გაატაროს შემდგომი ღონისძიებები:

  1. უზრუნველყოს რეფერირების პროცესში ჩართული ყველა უწყების და მათი თანამშრომლების სრულფასოვანი ინფორმირება ძალადობის საკითხებზე, კერძოდ, გაიწეროს ძალადობაზე რეაგირების შიდა ინსტრუქციები და მოხდეს თანამშრომლების გადამზადება ინსტრუქციის შესაბამისად;
  2. მოახდინოს არსებული რეფერირების სისტემის მონიტორინგი და შეფასება;
  3. განავითაროს ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებები;
  4. განავითაროს მოძალადეთა  შესაბამისი სარეაბილიტაციო მომსახურებები;
  5. უზრუნველყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლება და რეფერირების  პროცედურების შეფასების შესაბამისად განსაზღვროს სფეროში დასაქმებული სპეციალისტების აუცილებელი რაოდენობა;
  6. დაგეგმოს და განახორციელოს ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია.
[1]საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, გაროს ბავშვთა ფონდი, 2007-2008. http://unicef.ge/uploads/The_National_Study_on_Violence_against_Children_in_Georgia__in_Georgian.pdf
[2]http://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf
[3]http://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf
[4]https://www.wvi.org/sites/default/files/Report_Child_Welfare_Reform_GEO.pdf
[5]საქართველოსშრომის, ჯანმრთელობისადასოციალურიდაცვისმინისტრის, საქართველოსშინაგანსაქმეთამინისტრისადასაქართველოსგანათლებისადამეცნიერებისმინისტრისერთობლივიბრძანება (N 152/ნ – N496 – N45/ნ) ბავშვთადაცვისმიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებისდამტკიცებისშესახებ; 31 მაისი, 2010.
[6]https://matsne.gov.ge/ka/document/view/3394478?publication=0