საქართველოს პარლამენტმა ბავშვის უფლებათა კოდექსთან დაკავშირებით კოალიციის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი გაიზიარა

2019 წლის 3 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს  ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი. დოკუმენტში ასახულია ის რეკომენდაციები, რომლებიც ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციამ მიაწოდა, როგორც კანონპროექტზე უშუალოდ მომუშავე პარლამენტარებისა და ექსპერტების გუნდს, ისე საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კოდექსის წინა რედაქციისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი ვერსია ბავშვის მშობლისაგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ერთპიროვნულ უფლებას ანიჭებს სასამართლოს, სოციალური მუშაკის შუამდგომლობის საფუძველზე. ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის რეკომენდაციის შესაბამისად, კოდექსის შესაბამისი რეგულაცია ითვალისწინებს სოციალური მუშაკის შესაძლებლობას, ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან უსაფრთხოების მიმართ არსებული  უშუალო საფრთხის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მშობლისაგან განცალკევების შესახებ და შესაბამისი შუამდგომლობა 24 საათის მანძილზე დასამტკიცებლად წარუდგინოს სასამართლოს. [1]

გარდა ამისა, ბავშვთა უფლებების კოდექსის პროექტიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერები, რომელთა თანახმადაც, ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განხორციელებისა და ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე, პროცესში შეიძლება ჩართულიყვნენ პირები, რომლებზეც არ ვრცელდებოდა ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი პირებისათვის დადგენილი პროფესიული სტანდარტები და რომლებიც, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების დარღვევით, ხელს უწყობენ ბავშვთა რეზიდენტული ტიპის დაწესებულებების ფუნქციონირებას ქვეყანაში.[2] იგულისხმებიან რელიგიური პირები, რომლებზეც არ ვრცელდება ის პროფესიული სტანდარტები, რომლებიც ბავშვის მხარდაჭერის პროცესში ჩართულმა სპეციალისტებმა უნდა დააკმაყოფილონ. შესაბამისად, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ იყო რეკომენდირებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართლმადიდებლური და მუსლიმური ეკლესიების ზედამხედველობით, დღემდე ფუნქციონირებენ ბავშვთა არა ლიცენზირებული დაწესებულებები, რაც თავისთავად წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობისა[3] და ბავშვის უფლებების დარღვევას.

ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის რეკომენდაციები ასევე მიუთითებდა ბავშვის უფლებათა კოდექსში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული რეგულაციის საჭიროებაზე. კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგადი კომენტარების თანახმად,[4] სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ბავშვზე გარემოს დაბინძურების მავნე გავლენის მაქსიმალურად შემცირების მიზნით. გარემოს დაბინძურების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, კოალიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევდა კოდექსში მსგავსი შინაარსის რეგულაციის გაჩენას. აღნიშნული რეკომენდაცია ასევე გათვალისწინებულ იქნა ბავშვის უფლებათა კოდექსის არსებულ რედაქციაში.[5]

გარდა ამისა, სხდომის მანძილზე, კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის დამატებითი რეკომენდაციები, რომელთა ასახვა კანონპროექტში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ კოდექსი კრძალავს ბავშვის პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მედიის საშუალებით) გასაჯაროებას, [6]პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესახებ მოქმედი კანონი აღნიშნულ თანამდებობის პირს არ აძლევს საშუალებას, შესაბამისი მოქმედებები განახორციელოს იმ მედია საშუალების წინააღმდეგ, რომელიც ბავშვის პერსონალურ მონაცემებს გაასაჯაროებს. შესაბამისად, კოალიციის წევრთა რეკომენდაციის თანახმად, კანონში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესახებ უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელს ექნება შესაძლებლობა, გამოიკვლიოს მედია საშუალების მიერ ბავშვის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტი და საჭიროებისამებრ, მიმართოს შესაბამის ზომებს.

გარდა ამისა, კოალიციის რეკომენდაციის თანახმად, ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების რეგულირება, როდესაც დისკრიმინაცია ხდება არა უშუალოდ ბავშვის, არამედ მასთან დაკავშირებული პირის კონკრეტული მახასიათებლის გამო (დისკრიმინაცია ასოცირებით). მიუხედავად იმისა, რომ არსებული კოდექსის პროექტი უკვე ითვალისწინებს დისკრიმინაციის ამ ფორმას და კრძალავს მას, თუ დისკრიმინაცია ასოცირებით ხორციელდება ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მახასიათებლების გამო.[7] თუმცა, დისკრიმინაციის ეს ფორმა ბავშვის მიმართ შეიძლება განხორციელდეს არა მხოლოდ მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, არამედ ოჯახის ნებისმიერი სხვა წევრის ნიშან-თვისების გამო. შესაბამისად, კოალიციის წარმომადგენელთა რეკომენდაცია ითვალისწინებს იმ პირთა წრის გაფართოებას, რომლებთან ოჯახური კავშირის გამო შესაძლებელია ბავშვის ასოცირებით დისკრიმინაცია მოხდეს.

ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტიდან შესაბამისი ჩანაწერის ამოღების შემდეგ ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის გარემოება, თუ რამდენად შეძლებენ ბავშვები, გამოიყენონ უფლება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესახებ. აღნიშნული გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით, მათ შორის ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგადი კომენტარებით.[8]

აქედან გამომდინარე, ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიცია მიესალმება ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტში შეტანილ ცვლილებებს და იმედოვნებს, რომ დოკუმენტზე მომუშავე გუნდი მომავალშიც გაიზიარებს ზემოთ ხსენებულ რეკომენდაციებს, საერთაშორისო პრაქტიკას, სტანდარტებსა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციას.

[1] ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, მუხლი 26 – ბავშვის მშობლისაგან განცალკევების დაუშვებლობა

[2] ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, მუხლი 28 – ოჯახის მხარდაჭერის პროგრამები; მუხლი 29 -ალტერნატიული ზრუნვის არსი

[3] „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილება N66

[4] ბავშვის უფლებათა კონვენციის ზოგადი კომენტარი N15 – ბავშვის ხელმისაწვდომობა ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე

[5] ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 41 – ბავშვის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უმაღლეს სტანდარტზე

[6] ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 71 – ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა

[7] ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 7 – თანასწორობის უფლება

[8] ბავშვის უფლებათა ზოგადი კომენტარი N4